25 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
"იმდენად დარღვევებით აქვთ ყველაფერი გაკეთებული, რომ მის მიმართ მხოლოდ უნდა გამოიტანონ გამამართლებელი განაჩენი" - მიხეილ თათარიშვილის ადვოკატი

10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესი 6 ივლისს განახლდება, სადაც მოსამართლე სავარაუდოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დღეს კი სასამართლომ ბრალდების 2 და დაცვის 6 მოწმე დაკითხა, მათ შორის პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი და სიძე, მინდია გოგოჭური.

პროცესის დასრულების შემდეგ მხარეებმა განცხადებები გააკეთეს.  პროკურორის ვასილ სამხარაძის თქმით, საქმის მასალებით  დასტურდება, რომ თათარიშვილი პირველად სურამის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

“საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ მიხეილ თათარიშვილის დაკავება მოხდა დაბა სურამში, თამარ მეფის 100 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ის პირველად გადაიყვანეს სურამის პოლიციის განყოფილებაში და ამის შემდეგ იქნა გადმოყვანილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში,“ - განაცხადა სამხარაძემ.

მიხეილ თათარიშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა, კი დარწმუნებულია, რომ  სასამართლო თათარიშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

“ვფიქრობთ, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა იმის თაობაზე, რომ მიხეილ თათარიშვილს ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო და უფრო მეტიც, მას რომც ჰქონოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო, იმდენად დარღვევები აქვთ ყველაფერი გაკეთებული, რომ მის მიმართ მხოლოდ უნდა გამოიტანონ გამამართლებელი განაჩენი“ - აღნიშნა ჭკადუამ.

მიხეილ თათარიშვილის მამა ლადო თათარიშვილი კი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.  

“თქვენ როგორ გქონიათ ადამიანს ჩაუდებენ თუ რაღაც მიზანი არ არის, 18 აბს ? არ არსებობს. ეს არის ხელისუფლების გარკვეული შტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული თანამშრომლების იმიტომ, რომ მინისტრს სძინავდა და სძინავს, ეს მინისტრი არის სრულად არაადეკვატური“ - განაცხადა ლადო თათარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა- შენახვის ბრალდებით დაკავებული თათარიშვილი, სასამართლო სხდომათა დარბაზიდან 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, 2 დღის წინ გაათავისუფლეს.  

დღის ამბები