24 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
ხუჯაბის სადავო ტაძარი მარნეულის რაიონში - კომისია სექტემბერში გადაწყვეტს, ვის ტერიტორიაზე მდებარეობს უნიკალური ძეგლი

ხუჯაბის სადავო ტაძარი მარნეულის რაიონში, სოფელ ახკერპშია, თუმცა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს სოფელამდე მისვლის საშუალებაც არ მისცეს.

ტერიტორია ოფიციალურად საქართველოს მიერ კონტროლირებადია, თუმცა ქართველი მესაზღვრეები მაინც ითხოვდნენ საშვებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში გადამღები ჯგუფი თავისუფლად გადაადგილებულიყო. მიმართვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ეს უფლება „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს არ მისცეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ძეგლთა კვლევის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე, ამბობს, რომ ტაძარი ქართულია და ამას არაერთი ისტორიული წყარო ადასტურებს.

ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია, გუმბათის მთლიანობა დარღვეულია და საფრთხე იმისა, რომ სამხრეთ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდეს ძალიან დიდია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ღვთისმშობლის მონასტერი მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარს ეკუთვნის და ის იმდროინდელი ქართული არქიტექტურის ნიმუშია.

სოფელ ოფრეთის მონასტრის დღეს უკვე ერთადერთი მკვიდრი ამბობს, რომ წლებია, ხუჯაბში ვეღარავინ გადადის. წინამძღვარიც პარაკლისს მხოლოდ იმ ადგილას იხდის, საიდანაც ჩამოშლის პირას მისული გუმბათი მოჩანს.

ერთ-ერთი პირველი რეპორტიორი, ვინც ხუჯაბის ტაძრის ისტორიაზე მუშაობდა, გივი ჯახუაა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ 1980-იან წლებში იქ თავისუფლად მისვლა შეიძლებოდა და არც ტაძრის მეპატრონეობა იყო სადავო. მონასტერში სომხური წარწერები 1990-იან წლებში გაჩნდა. მას შემდეგ ტერიტორიას სომეხი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

საგარეო საქმეთა სამინსიტროში ამტკიცებენ, რომ საზღვარი მარნეულის რაიონში ჯერ დადგენილი არ არის. კომისია, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ვის ტერიტორიაზე მდებარეობს მეცამეტე საუკუნის უნიკალური ძეგლი, სექტემბერში შეიკრიბება.

დღის ამბები