24 აპრილი 2024,   04:18
ვრცლად
ე.წ. თერგის კაზაკები თრუსოს ხეობასთან - ექსპერტები კაზაკთა დანაყოფების მხრიდან პროვოკაციებს ვარაუდობენ

საქართველო-რუსეთის საზღვრის თრუსოს ხეობის მთელ პერიმეტრზე, ФСБ-ს თანამშრომლებთან ერთად, ე.წ. თერგის კაზაკებიც დგანან. საქართველო-რუსეთის საზღვარზე კაზაკთა რაზმის ჩაყენების ოფიციალურად მოტივად მოსკოვმა საზღვრის უკეთ დაცვა დაასახელა.

ქართველი მესაზღვრეები, რომლებიც ახლა თრუსოს ხეობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთს იცავენ, კურიერს უყვებიან, რომ საზღვრის დარღვევა ამ მონაკვეთზე უკვე წლებია, არ დაფიქსირებულა.

თერგის კაზაკთა ჯგუფები, რომელიც მოსკოვის გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვართან გადმოისროლეს, ყველა იმ შეიარაღებით არიან აღჭურვილები, რომელიც რუსეთის რეგულარულ არმიას აქვს. საქართველოს თავადაცვის სამინისტრო კაზაკთა გადაადგილებას უკვე აკვირდება.

კაზაკთა რაზმები რუსეთმა საქართველოსთან საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის პერიმეტრზე გადმოისროლა. ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ კაზაკთა დანაყოფების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად, ოფიციალურმა თბილისმა სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური ჯგუფების შემოსვლის საფრთხე.

კაზაკების რაოდენობა, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთს გააკონტროლებს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საზღვარზე კარგად გაწვრთნილი დანაყოფები დადგებიან. კაზაკთა დანაყოფები ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე დგანან.

დღის ამბები