24 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
ლეილა მუსტაფაევას მიერ წარდგენილ ახალ მტკიცებულებებს პოლიციაში იცნობდნენ - საუბარია კიდევ 2 ეჭვმიტანილზე

რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ და ადვოკატმა პოლიციის შენობა დატოვეს. 

ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მათ მიერ მიწოდებული ახალი მტკიცებულება, ფოტომასალა პოლიციისთვის ცნობილი იყო. საუბარია ოჯახის მიერ მუხთარლის  პირად ალბომში აღმოჩენილ ფოტოებზე, რომლებზეც მუსტაფაევას განცხადებით ის ადამიანები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც მუხთარლის უთვალთვალებდნენ.

როგორც მუსტაფაევა განმარტავს, მათ მიერ წარდგენილი ფოტოების გარდა, სამართალდამცველებს კიდევ ორ ადამიანზე აქვთ ინფორმაცია, მათ შორის ერთი მისი თქმით "რუსთავი 2-ის" ეთერით გასულ სიუჟეტშიც ფიგურირებდა. მიუხედავად ამისა, მუხთარლის მეუღლის თქმით, იდენტიფიცირებული არავინაა. 

პოლიციის შენობიდან გამოსული მუსტაფაევა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მის პოზიციას, რომ ხელისუფლებას არ სურს მისი მეუღლის საქმის გამოძიება. იგი არ გამორიცხავს, რომ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ბესიკ ამირანაშვილიც სწორედ მუხთარლის საქმის გამო გაათავისუფლეს.

მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პარლამენტს მოუწოდებენ შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია და ეს საქმე შეისწავლოს.

"პოლიციას სამი ადამიანის ფოტო სურათი გადავეცი, ვინც ჩვენი ინფორმაციით, აფგანს უთვალთვალებდა, დაკავებამდე ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. 31 მაისს ერთ-ერთი მათგანი "რუსთავი2"-ის სიუჟეტშიც მოხვდა, რომელმაც ფაქტი აღიარა. პოლიციას შეეძლო ამ ადამიანის იდენტიფიცირება მოეხდინა, თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. სამართალდამცველებს ქონდათ ინფორმაცია ამ ფოტოების შესახებ, საერთო ჯამში კი საქმეში ხუთი ადამიანის ფოტო დევს, ვინც ჩემ მეუღლეს უთვალთვალებდა. როგორც მე ვიცი, ეს ადამიანები საუბრობდნენ აზერბაიჯანულ ენაზე, თუმცა იყვნენ თუ არა ისინი საქართველოს ან აზერბაიჯანის მოქალაქეები, ეს პოლიციის გამოსაკვლევია," - ამბობს ლეილა მუსტაფა. 

 

დღის ამბები