24 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორს და მის ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორს და მის ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბეგლარ კაპანაძე აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს ოჯახის წევრებთან ერთად სამურნეო სამუშაოებიდან ბრუნდებოდა.

დაზარალებული შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ავტომობილებით გზა გადაუკეტეს. მისი თქმით, მას აიძულეს მანქანიდან გადმოსვლა, რის შემდეგაც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კაპანაძის ოჯახის წევრებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. მათი განცხადებით, თავდამსხმელები მას ბლაგვი იარაღით გაუსწორდნენ.

დაზარალებულები მომხდარის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. კაპანაძის განცხადებით, თავდამსხმელები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ზაზა გელაძე, რომელიც მერის ყოფილი მოადგილე იყო, ამჟამად კი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მუშაობს.

ზაზა გელაძემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დრომდე უცნობია, დაიკითხნენ თუ არა დაზარალებულების მიერ დასახელებული პირები. 

დღის ამბები