20 აპრილი 2024,   01:38
ვრცლად
ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - გიორგი კვირიკაშვილი

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ საქმეში დიპლომატიის როლი არის ძალიან დიდი - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, "ამბასადორიალი 2017"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პრემიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი დიპლომატების მუშაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიური მუშაობის საფუძველზე, საქართველოს წარმატებებისა და რეფორმების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა მოხდა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის საგარეო მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას, ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში. პრემიერის თქმით, ურთიერთობები ევროკავშირთან ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება, ვითარდება და ახალ სიმაღლეებს იძენს.

„თქვენ ბრძანდებით გარანტი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო წარმატების. დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო მოგეხსენებათ და განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

"ამგვარ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლის არჩევნები არის ნათელი გამოხატულება ქვეყანაში არსებული დემოკრატიული გარემოსი. მისი თქმით, ეს იყო არჩევნები, რომელმაც ერთხმად დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო.

პრემიერმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება. კვირიკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

დღის ამბები