საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ქართველი დიპლომატები მსჯელობენ. თბილისში მიმდინარე "ამბასადორიალზე" მთავარ გამოწვევებად სწორედ მცოცავი ოკუპაცია და რუსული აგრესია დასახელდა.
„ამბასადორიალი 2017“ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა.
„ძირითად გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, საერთაშორისო ფორმატების მაქსიმალური გამოყენებით, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება. ამ მიმართულებით, ჩვენმა დიპლომატიამ განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია გასული წლის განმავლობაში,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
რუსულ ოკუპაციასა და აგრესიასთან მიმართებაში საერთაშორისო ასპარეზზე ქართული დიპლომატიის წარმატებაზე საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პირველად წლების განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა რუსული ოკუპაცია კანონის ენით, დოკუმენტურად დაგმო.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ოკუპაციის არაღიარების კუთხით. მე ამერიკის მაგალითზე შემიძლია ძალიან კონკრეტული ინიციატივები გითხრათ, რომელიც უპრეცედენტოა აქამდე. იყო საკანონმდებლო ცვლილება, კანონის ენით არის უკვე საქართველოში ოკუპაცია დაფიქსირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაგმობილი,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.
რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება არის საფრთხე, არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ რეგიონისთვის.
„რასაკვირველია ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ეს მთავარი გამოწვევაა და არა მარტო იმიტომ, რომ ოკუპირებულია და 20%-ს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, საქართველოს სტაბილურობისთვის, არამედ რეგიონალური სტაბილურობისთვის,“ - ამბობს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.
დიპლომატიურ კორპუსს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც.