„საქართველო და უკრაინა ის ქვეყნები ვართ, რომლებსაც გვჯერა, რომ შეგვიძლია და კიდევ უნდა ვიაროთ წინ ერთად," - ამ განცხადებით უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა, პარლამენტში შეკრებილ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ და ქართველ დიპლომატებს მიმართა.
„ყველას გვესმის, რომ დღევანდელ სამყაროში ვსაუბრობთ ხალხზე, რომელსაც გააჩნია თავისი ღირებულებები და პრინციპები და არა პოლიტიკური მანიპულაციები. ეს მარტივია, დღევანდელი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სწორედ იმაზეა, როგორ წავიწიოთ წინ ერთად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ,“ - განაცხადა პავლო კლიმკინმა.
პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინას შორის უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი კი სწორედ თანამშრომლობისთვის მზაობის გამოხატულებაა.
„საქართველოს და უკრაინას აქვს სამი ფუნდამენტური პრობლემა, საერთო და ფუნდამენტური სტრატეგიული საკითხი. ეს არის დეოკუპაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური განვითარება. შესაბამისად, არ შეიძლება, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არ იყოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი არის დამადასტურებელი იმის, რომ უკრაინის მხრიდან არის სრული მზაობა თანამშრომლობის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.