25 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
სოსო ოხანაშვილი არ აპირებს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას - ციანიდის საქმის პროკურორი 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარებს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. უკვე სასამართლოში იმყოფება ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც ასევე ბრალდების მხარის მოწმეა და საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიკითხება.

საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღესვე იგეგმება მკველელობის მომზადების მცდელობაში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის მეზობლების დაკითხვაც.

„ისინი იარაღთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას, რომ მხოლოდ სასულიერო პირი გიორგი მამალაძე ცხოვრობდა იმ ბინაში და სხვა არავინ, მათ შორის არც სახლის მეპატრონე და გიორგი მამალაძესთან თანმხლები პირი არ ცხოვრობდა. გარდა ამისა, დაიკითხება მეუფე პეტრე მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ზვიად გუბელაძე.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვაც იგეგმებოდა, თუმცა პროკურორის განცხადებით, ოხანაშვილის ოჯახმა განმარტა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ გეგმავს.

„დაცვის მხარემ განმარტა, რომ ისინი მოახერხებენ სოსო ოხანაშვილის ჩამოყვანას საქართველოში და სასამართლოს წინაშე წარდგენას. ოჯახის წევრებმა განგვიმარტეს, რომ ნამდვილად იმყოფება გერმანიაში, არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, მათ შორის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მეუფე პეტრე ცაავასთან კითხვები ექნებათ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებსაც. დაცვის მხარე საპატრიარქოში არსებული ვითარებით და სასულიერო პირისთვის წაყენებული ბრალის რეალურობასთან დაკავშირებული შეფასებით დაინტერესდება.

„მე არ ვიცი, რა კითხვები ექნება პროკურატურას, რა კითხვებზე რა პასუხს გასცემს და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გარკვეული კითხვები, დამოკიდებულება და მიმართება იმასთან დაკავშირებით თუ მართლა რა ხდება საპატრიარქოში და მართლა არსებობს თუ არა ამდაგვარი მოტივაცია, რომ ადამიანი ასეთ რაღაცაზე ბრალდებული იყოს ე.წ. მკვლელობის მომზადებისთვის,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები