25 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
2 დაღუპული და 200-მდე დაშავებული - ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგები

2 დაღუპული და 200-მდე დაშავებული - ასეთია ეგეოსის ზღვაში გუშინ გვიან ღამით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგები. თურქეთის საზღვაო კურორტ ბოდრუმში და ბერძნულ კუნძულ კოსზე ამ დრომდე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

სეისმოლოგების განცხადებით, კუნძულ კოსზე ბიძგების სიმძლავრემ 6.7 მეათედი მაგნიტუდა შეადგინა. რყევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბერძნულ კუნძულზე დაინგრა რამდენიმე უძველესი შენობა, მათ შორის შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრეც.

ნგრევა მოჰყვა მიწისძვრას თურქეთის კურორტზეც. ბიძგების ეპიცენტრი ზღვის ფსკერზე , 6 მეტრის სიღრმეზე და ბოდრუმიდან 10 კილომეტრში მდებარეობდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი აქ 100-ს აღწევს, გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

კოსის და ბოდრუმის სანაპიროებზე მდებარე სასტუმროების დიდი ნაწილი ამ დროისთვის დატბორილია, რადგან ბიძგების შემდეგ ზღვაში მცირე ცუნამიც დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ტალღის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევდა და მისი განმეორების საფრთხე აღარ არსებობს.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საბერძნეთის ხელისუფლებამ კოსზე შინაგანი ჯარის ქვედანაყოფებიც გაგზავნა.

ავტორი: თეა თეთრაშვილი.

დღის ამბები