25 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის გლობალურ კორუფციაზე ჰელსინკის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს

პუტინის გარემოცვის მიერ ოფშორებში გადარიცხული 200 მილიარდი დოლარი და რუსეთის პრეზიდენტის გლობალური კორუფციული აბლაბუდა - ამ საკითხებზე ვაშინგტონში, კონგრესის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მსჯელობდნენ. ოფშორების გარდა, პუტინის კორუფციული ქსელი ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზეც მყარადაა ფესვგადგმული, რაც კონგრესმენებს აფიქრებინებს, რომ რუსეთი რეალურად კორუფციის ექსპორტითაა დაკავებული. 

"როდესაც ვნახეთ ციფრები, დავადგინეთ, რომ 2006 წლის შემდეგ ეს ხალხი ყოველწლიურად ათიდან ოც მილიარდ დოლარამდე თანხას იღებს. მხოლოდ ამ გზით, ვიწრო ჯგუფის მიერ უკვე 100-200 მილიარდი დოლარია აღებული. როდესაც ფული გაედინება კვიპროსის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ გადინების არხია, მიდის კარიბებზე და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. მაგრამ, როდესაც მიდის 2 ადგილას - ლონდონში და ნიუ იორკში, ის გადის ანონიმური კომპანიების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მეშვეობით, რომლებიც არიან დელავერში. ასევე შეიძლება იყვნენ ნევადაში, ვაიომინგში და სამხრეთ დაკოტაში," - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა ანდერს ასლუნდიმ.

ჰელსინკის კომისიაზე განცხადებები საქართველოში მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებითაც გაკეთდა.

“ყოველთვის, როდესაც სიტყვა “საზღვარს” ვიყენებთ და ვხედავ, ის ხშირად ჩნდება დასავლურ მედიაში, ხალხი ამბობს, რომ რუსეთმა საზღვარი გადმოწია სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საზღვარი არ აქვს და ჩვენ უნდა მივაქციოთ ამ ფსიქოლოგიურ ასპექტს ყურადღება. მოსკოვი ცდილობს, ჩვენ ყველამ, როგორც საზღვარზე, ისე ვიფიქროთ. მეორე საკითხი სტრატეგიულ ელემენტს შეიცავს. ყოველთვის, როდესაც ეს ხდება, ადმინისტრაციული გამყოფი და არა საზღვარი სულ უფრო მეტად უახლოვდება ბაქო-თბილისის საგზაო მაგისტრალს. ეს კი მთავარი სტრატეგიული არტერიაა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სამხრეთ კავკასიისთვის. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ,“ - განაცხადა "რადიო თავისუფლების” ანალიტიკოსმა ბრაიან უითმორიმ.

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ რუსეთის ადმინისტრაციას მართვისთვის, საბჭოთა კავშირის ყველაზე უარესი, თუმცა პრაქტიკული ღირებულებები აქვს აღებული, რაც მხოლოდ დღევანდელი ელიტის გაძლიერებას ემსახურება.

დღის ამბები