20 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
"უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ,"- ნიკა გვარამია დიმიტრი ქუმსიშვილს პასუხობს

„ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ,"- ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ყველა კომპანიამ გადასახადი უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაკონკურენტიანი გარემო იქნება.

„ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა და ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა, შემთხვევითი არაა, რომ "იმედის" ეთერში გააკეთა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან, ცდილობდნენ სიუჟეტის გაკეთებას. სახელმწიფოსა და "იმედის" ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. "რუსთავი 2" უკვე 2 წელია იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" აპირებს, მიმართოს სასამართლოს, მათ შორის, საერთაშორისოს, რათა სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიას სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა.

გვარამიას თქმით, "რუსთავი 2-ს" გადასახადების გადახდის პრობლემა სახელმწიფოს გადაწყვეტილებების გამო შეექმნა. 

„თუ "რუსთავი 2-ის" ანგარიშებს დაედება საგადასახადო საინკასო დავალება, ეს ნიშნავს ტელეკომპანიის დახურვას და იმის მიღწევას, რაც აქამდე ვერ შეძლო სახელმწიფომ... "რუსთავი 2" ისევ საფრთხეშია, "რუსთავი 2-ს" ემუქრება საგადასახდო ყადაღა და ეთერის ჩაქრობა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

სამაუწყებლო კომპანიის დირექტორის თქმით, "რუსთავი 2" ოფიციალურად ითხოვს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინფორმაციის იგივე ფორმით გათქმას, როგორც "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მოხდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი არავითარ გადასახადს არ იხდის. მან ტელეკომპანიების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

„განსხვავებით სხვა ტელეკომპანიებისგან, მათ შორის "იმედისგანაც", ტელეკომპანია "რუსთავი 2" მთელი ეს წლები მუშაობდა მხოლოდ საკუთრი შემოსავლით, მას არ ჰყავდა უკან დამფინანსებელი და ერთი თეთრი არ მიუღია დამფუძნებლებისგან, განსხვავებით „იმედისგან", რომელიც დღეს ბაბილონის გოდოლია, ყველა ტელევიზიიდან, მათ შორის "რუსთავი 2-დან" წასული და გადაბირებული ადამიანები იქ იმყოფებიან და როგორც ჩანს, ამ ტელევიზიის ხარჯები გაიზარდა და გადაწყვიტა, დაკავდეს "რუსთავი 2-თან" არაკორექტული, არაკოლეგიალური კონკურენციით,"- აღნიშნა გვარამიამ. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები