20 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
ოზურგეთში ჩაცხრილული მამაკაცები და ერთ-ერთი მათგანის კავშირი ქურდულ სამყაროსთან

ე.წ. კანონიერი ქურდის შვილის, გურამ ფოცხიშვილის და მისი სიძის მკვლელობის ვერსიებზე ოჯახის წევრებს საუბარი არ სურთ. შეირაღებული თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს და ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. არაოფიციალური ვერსიით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული გურამ ფოცხიშვილი წარსული დაპირისპირებების გამო მოკლეს.

ონლაინ გამოცემების, „პრაიმ კრაიმის“ მონაცემებით, მოკლული ფოცხიშვილის ბაბუა ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, მის მამას, დავით ფოცხიშვილს კი, სხვა კანონიერ ქურდებთან დაპირისპირების გამო კანონიერი ქურდის სტატუსი შეუჩერეს. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, კონფლიქტი კანონიერ ქურდებთან თავად მოკლულ ფოცხიშვილსაც ჰქონდა.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ფოცხიშვილის მკვლელობა ე.წ. ქურდული განაჩენს. ცნობილია, რომ მისი მკვლელობა რამდენიმე წლის წინაც სცადეს. ფოცხიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საყოველთაო ამნისტიის შედეგად ციხე 2013 წელს დატოვა.

ქალაქის ცენტრში ორი ადამიანის ჩაცხრილვის შემდეგ ოზურგეთში უკვე კრიმინალის ზრდაზე ალაპარაკდნენ. კრიმინალის ზრდასა და პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობენ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებიც. ისინი შიშობენ, რომ რეგიონში ვითარება 90-იანი წლებისას ემსგავსება.

ფოცხიშვილის და მისი ნათესავის მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება, თუმცა, უცნობია, ჰყავს თუ არა სამართალდამცველებს სავარაუდო ეჭვმიტანილი. დამნაშავეებმა კვალის დაფარვის მიზნით, მანქანა, რითიც მკვლელობის ადგილზე იყვნენ მისულები, მეორე სოფელში დაწვეს.

დღის ამბები