12 დეკემბერი 2018,   08:17
ვრცლად
ფინანსური შტურმი რუსთავი2-ზე - სამაუწყებლო კომპანიაზე იერიშის მისატანად მთავრობამ რამდენიმე ცვლილება განახორციელა

ადგილობრივი არჩევნების წინ რუსთავი2-ის გასაჩერებლად ხელისუფლებამ ახალი შტურმი დაიწყო. რუსთავი2-ის გენერალური დირექტორს ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლება არხის საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებას გეგმავს, რაც ავტომატურად რუსთავი2-ის გათიშვას გამოიწვევს.

რუსთავი2-ის წინააღმდეგ მორიგი შეტევის დაწყება გუშინ ტელეკომპანია იმედის მიერ ფინანსთა მინისტრისთვის დასმული შეკითხვის შემდეგ გაირკვა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კონკურენტი ტელევიზიის კამერის წინ რუსთავი2-ის ფინანსური დავალიანების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი2-ის მაღალი რეიტინგი სწორედ გადაუხდელი ვალდებულებების დამსახურებაა და კონკურენტი არხების კეთილდღეობაზე აპირებს ზრუნვას.

რუსთავი2-ზე ახალი შტურმის დაწყებამდე ხელისუფლებამ კანონი შეცვალა. საგადასახადო კოდექსის 30 ივნისს ცვლილებებით, ფინანსთა სამინსიტროს უფლება მიეცა, გათქვას კომერციული საიდუმლოება და კომპანიის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვოს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ, თუ კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს, მაშინ ახალი ნორმა ყველაზე უნდა გავრცელდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვენ, გასაჯაროვოს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიების დავალიანების შესახებ.

ბოლო ორი წელია, ყველა არჩევნების და მძიმე პოლიტიკური ვითარების წინ ხელისუფლება რუსთავი2-ზე შტურმს იწყებს. რუსთავი2-ისთვის ფინანსური პრობლემების შესაქმნელად საქართველოს პარლამენტმა შეცვლა "მაუწყებლის შესახებ" კანონი და ეთერში რეკლამის განთავსებაზე შეზღუდვები დააწესა.

რუსთავი2, მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში მიყენებული ზარალის გამო, დავის დაწყებას სასამართლოში აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები