25 აპრილი 2024,   09:50
ვრცლად
უკრაინის ორი მოქალაქე აფხაზეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა

უკრაინის ორი მოქალაქე აფხაზეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. პროფესიით მშენებლები ოკუპირებულ რეგიონში მოტყუებით ჩაიყვანეს, პასპორტები წაართვეს და მონურ შრომას აიძულებდნენ.

რუსთავი2 მათ პირობითი სახელებით მოიხსენიებს. პირობითად, ლენას და სვეტას, ფულს არ უხდიდნენ, მშენებლობაზე არაადამიანურ ეპყრობოდნენ და სცემდნენ.   

ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ორი უკრაინელი მშენებელი ქალი მალევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გახდა. მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმის მილიციამ გაიგო, რომ მშენებლებს პასპორტები არ ჰქონდათ, ღამით ნაქირავებ ბინაში აკითხავდნენ და სექსუალურ მომსახურებას იარაღის მუქარით აიძულებდნენ.

უკრაინის ორმა მოქალაქემ ბოლოს თავს გაქცევით უშველეს. სამეგრელოში გადასვლის შემდეგ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

ლენა ყვება, რომ ოკუპირებულ რეგიონში ტრეფიკინგის არაერთი მსხვერპლი შეხვდა და, მისი თქმით, აფხაზეთი რეალური შავი ხვრელია. 

ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცენტრში დახმარების შემდეგ უკრაინელ ქალბატონებს საქართველოში უკრაინის საელჩომ სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობები დაუმზადა, ახლა ორივე ქალბატონი პირობით სახელებით, სვეტა და ლენა, უკვე უკრაინაში არიან.

დღის ამბები