19 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის საპასუხო წერილი ოპოზიციას

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის საპასუხო წერილი ოპოზიციას - გზავნილში ჯანი ბუკიკიო კიდევ ერთხელ საუბრობს პარტიებს შორის კონსენსუსის აუცილებლობაზე. წერილი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ გუშინ მიიღო.

ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოსავალს მხოლოდ დიალოგში ხედავს და აცხადებს, რომ მისი ფორმა და კონსენსუსი ვენეციის კომისიის დებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ "კომისიის როლი ვერ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილების თავს მოხვევის მცდელობა".

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ამ წერილში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მის გზავნილებს შორის ყველაზე უფრო მკვეთრი პოზიცია აქვს დაფიქსირებული.

“მივიღეთ წერილი, სადაც ჯანი ბუკიკიო მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, აბსოლუტურად იგივე შეხედულებები გვაქვს პროცესზე და პოზიცია იგივე ნიშნავს იმას, რომ პოზიცია განმეორდება კონსტიტუციის დელეგიტიმაციასთან  დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ კომისია ასე ყოველწუთიერად არ იცვლის პოზიციებს, როგორც „ქართლი ოცნება“. მათი პრინციპული დამოკიდებულება არის კონსენსუსის არსებობის აუცილებლობა,“ - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა გიორგი ახვლედიანმა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსის მიღწევა, მხოლოდ კანონის პარლამენტში მეორე მოსმენაზე დაბრუნებით და მსჯელობით არის შესაძლებელი. მათი განცხადებით, სხვა შემთხვევაში ვერ მიიღწევა შედეგი, რომელსაც საქართველოსგან საერთაშორისო თანამეგობრობა ელოდება.

„ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ყველა განცხადება არის უპრეცედენტო და განსაკუთრებით ეს. პირდაპირ ეუბნება ხელისუფლებას, რომ არის მოძალადე და კონსენსუსის გარეშე კონსტიტუციის მიღება არის დაუშვებელი. ბოლოს დამცინავი სიტყვებიც არის, რომ მეტი არ შემიძლია, ბოლოს და ბოლოს აგურს ხომ არ ჩავარტყამ თავშიო,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე. 

 

დღის ამბები