25 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
ბოლო 24 საათში მშენებლობაზე 3 მუშა გარდაიცვალა

დიდუბეში, შენობის დემონტაჟის დროს მუშის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევა გახდა. 31 წლის ნიკოლოზ სალია კედლის ჩამონგრევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი იყო.

ადგილი,სადაც შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა სამშენებლო კომპანია "როიალ გრუპს“-ს ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე არ მისულან. 

წერეთლის 37 ნომერში შენობის დემონტაჟის დროს შესაბამისი პირობების არარსებობის გამო ”როიალ გრუპმა” შრომის ინსპექტირების სამსახურიდან გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ნორმები სტანდარტებს ისევ არ შეესაბამებოდა.

ბოლო 24 საათში ნიკოლოზ სალია მესამე მუშაა, რომელიც მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევის გამო გარდაიცვალა.

31 წლის ახალგაზრდის დაღუპვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე.

წერეთელზე მომხდარი შემთხვევის შედეგად კიდევ 3 მუშა მძიმედ დაშავდა. 

დღის ამბები