20 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
"სულ მცირე ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოიხადოს ანამ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ" - დავით მათიკაშვილი

"ყოველგვარ ზღვარს გადაცდა" - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი ანა დოლიძეს და არ იღებს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც, ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს "უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი" უწოდა. 

“ყოველგვარ ზღვარს გადაცდა, ზრდილობის, ეთიკის და მე ვფიქრობ თანამდებობასთან შეუსაბამო განცხადებები გააკეთა. ამის შემდეგ რა მოხდება რას გადაწყვეტს პრეზიდენტი, ან თვითონ როგორ იფიქრებს კარიერის გაგრძელებაზე. ამის შემდეგ არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა და მუშაობა“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის თქმით, ანა დოლიძის ქცევა ძალიან არაეთიკური იყო.

“შეურაცხმყოფელი განცხადებები, ის ძალიან არაეთიკური მოქცევა, რომელიც ქალბატონი ანასგან მომდინარეობს, არ შეშვენის არც მას და არც პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს არის ზღვარგადასული და სულ მცირე ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოიხადოს ანამ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ,“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ.

“ეს არის ბულინგი, ზემოქმედება, დაცინვა რაც ერთ-ერთი ფორმაა ადამიანზე ზემოქმედებისა, როგორი თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს მას. ადრესატი არის მათი ფაქტიური მმართველი, რომლის თვალშიც უნდათ თავის გამოჩენა“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ფიქრობს, რომ ეს გიორგი მარგველაშვილზე შეტევა ივანიშვილის ამოჩემება.

“ბიძინა ივანიშვილს ამოჩემებული ჰყავს გიორგი მარგველაშვილი  და არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და "ქართული ოცნების" პიროვნული შეტევა გიორგი მარგველაშვილზე, ისევ როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ეს ბიძინა ივანიშვილის ამოჩემების და სიჯიუტის კონტექსტში უნდა განვიხილოთ,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ რიგგარეშე სხდომაზე მოხდა. ანა დოლიძის მწვავე შეფასებები პარლამენტში ირაკლი კობახიძის განცხადებებს მოჰყვა, სადაც მან სხდომის მიმდინარეობისას საპარლამენტო მდივანს რამდენჯერმე გააწყვეტინა სიტყვა და მისი უფლებამოსილებები შეახსენა. 

დღის ამბები