23 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
შემომწირველები თუ კორუფცია - "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ ივლისში 1 270 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო

ქართულმა ოცნებამ მხოლოდ ივლისში 1 270 000 ლარის შემოწირულობა მიიღო. ირკვევა, რომ ოცნებას ფულს ბიზნესმენები სწირავენ, თუმცა ვიდრე მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხას გადარიცხავენ, მათი ნაწილი სახელმწიფოსაგან ტენდერების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეკვეთებს აფორმებს და ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს.

შპს გრინ პროჯექტის დირექტორი, ლევან ჩაჩუა, ერთ-ერთია ქართული ოცნების შემომწირველებს შორის, რომლის კომპანიებთანაც სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში ათეულობით შეთანხმება უტენდეროდ გააფორმა და ამ გზით ჯამში 1 300 000 მეტის შემოსავალი მიიღო.

40 ათასი აჩუქა მმართველ პარტიას ბიზნესმენმა დავით კიღურაძემ. უფრო მეტი - 60 ათასი ლარი ატლასგლობალ ჯორჯიას მფლობელმა, რაფიელ სურამელაშვილმა და მეღვინეობა ხარებას დირექტორმა, ნიკა ზაუტაშვილმა.

ყველა მათგანს სახელმწიფოსთან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ათეულობით შეთანხმება აქვს გაფორმებული.

ამ ბიზნესმენების სიას თეგეტა მოტორსის მეწილე, ზაურ ცხადაძე, ლიდერობს, რომელმაც ოცნებას 60 ათასი ლარი აჩუქა, მის კომპანიებთან კი ბოლო წლების განმავლობაში სამი ათასამდე შეთანხმება გამარტივებული წესით გაფორმდა.

ოპოზიციაში შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ოცნების ამ კონკრეტულმა შემომწირველებმა გამარტივებული გზით სახელმწიფოსგან, ჯამში, ბოლო პერიოდში 7 მილიონამდე ლარი მიიღეს.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ყველა ფაქტი გამოსაძიებელია. ბიზნესმენების ნაწილის ხელგაშლილობის მიუხედავად, ოპოზიცია არც მათზე ზეწოლას და ამ გზით წინასაარჩევნოდ მმართველი ძალის შემოსავლის მოსალოდნელ ზრდას გამორიცხავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ გასულ თვეში ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულობაზე 22-ჯერ მეტი თანხა შეაგროვა.

დღის ამბები