24 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
ბრალდებები მეუფე ანტონის მიმართ და დაზარალებული ბიზნესპარტნიორები

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს, ყოფილი ბიზნესპარტნიორები თაღლითობაში ადანაშაულებენ. დავა კერძო მესაკუთრეებსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირს შორის უკვე 2 წელია, რაც პროკურატურაშია და გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

კომპანია დივაინის მფლობელების განცხადებით, პროკურატურამ საქმეზე, ბრალდებების ადრესატის გარდა, ყველა დაკითხა.

კომპანია დივაინსა და მეუფე ანტონს შორის საქმიანი ურთიერთობა 2013 წლიდან დაიწყო, კომპანიის წილის 50%-ს ნანა ქერელაშვილი და მისი მეუღლე - ლევან ნოდია, ფლობდნენ, დანარჩენ 50%-ს კი ბაღდათის და ვანის მიტროპოლიტ ანტონის შვილი - იეგუდიელი ბულუხია. კომპანია სუვენირებით და ალკოჰოლური სასმელებით ძველ თბილისში, მეტეხის აღმართზე, ვაჭრობდა. სწორედ ამ მაღაზიის სალაროდან გაიტანა მეუფე ანტონმა ნაღდი ფული.

კონფლიქტი მეწილეებს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც კომპანიის 50%-ის წილის მფლობელმა ოჯახმა მიტროპოლიტის წაღებული თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა მღვდელმთავარმა ბიზნესპატრნიორებს კონკრეტული პირობა წაუყენა - თანხას იმ შემთხვევაში დააბრუნებდა, თუკი პარტნიორები საკუთარ წილს დათმობდნენ და მეუფის ოჯახს გადაუფორმებდნენ.

მეუფის ბიზნესპარტნიორების განცხადებით, გამომძიებლებმა მეუფე ანტონი დაკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ მან ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი განმარტებას არც კამერებთან აკეთებს.

მეუფე ანტონის სახელით მაღაზიიდან თანხა, დაზარალებულების მტკიცებით,  მურმან ჯანიაშვილმა გაიტანა, მაგრამ ჯანაშია ამ ფაქტს ვერ იხსენებს და მეუფე ანტონთან და მაღაზიის მეწილეებთან კავშირს უარყოფს. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღეს ჯანიაშვილი, მეუფე ანტონის ქალიშვილთან ერთად, კომპანია დივაინის მფლობელია.

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები