25 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
კასპის რაიონში სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი 15 ოჯახი შველას ითხოვს

კასპის რაიონში სადგურ მეტეხის დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. 15-ზე მეტ ოჯახს სოციალური სტატუსი ქულების ახალი პროგრამით დათვლისა და ოჯახების ხელახალი გადამოწმების შედეგად შეუჩერდა.

ერთ-ერთი ასეთი მარტოხელა ლეილა გუსეინოვაა, რომელიც სახელმწიფო დახმარებას უკვე მესამე თვეა, ვეღარ იღებს. 54 წლის, რამდენიმე დაავადების მქონე ლეილა გუსეინოვას სოციალურმა სააგენტომ დახმარებაზე უარი შრომისუნარიანობის გამო უთხრა. აღსანიშნავია, რომ ის 60-ლარიან სახელმწიფო შემწეობას 4 წლის განმავლობაში იღებდა.

ლეილა გუსეინოვას გულის პრობლემები აქვს და სიარულიც უჭირს. უსახსრობის გამო, ექიმთან ვერ მიდის და ხშირად მშიერიც რჩება.

მის მსგავსად, დასახლებაში სოციალური დახმარების აღდგენას რამდენიმე ადამიანი ითხოვს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სამსახურში განმარტავენ, რომ ქულების მინიჭება თავად ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება.

დღის ამბები