25 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს 10-15 მილიონი თავისუფლად შეუძლია - პრემიერი

"თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს შეუძლია, თავისუფლად უმასპინძლოს წელიწადში 10-15 მილიონს," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, კურორტ ბიოლის  დათვალიერებისას განაცხადა. 

მან  სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან, ერთად დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა. 

ამის შესხებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი კვირიკაშვილმა კურორტის განვითარების უდიდეს პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზ მჭედლიძეს, ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

პრემიერი მიესალმა დავოსის მერის, ტარცისიუს კავიეზელისა და მისი მეუღლის საქართველოში სტუმრობას და შვეიცარიასთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, ასევე, შვეიცარიასთან აქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობა მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით. 

მისი თქმით, საქართველოსა და შვეიცარიას ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება შვეიცარიის განსაკუთრებული როლისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

პრემიერმინისტრმა დავოსის მერი მომავალ წელს ბაკურიანში მიიწვია, სადაც საქართველოში ჰოკეის პირველი არენის გახსნა იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოში ალტერნატიული მედიცინის განვითარებაში შვეიცარიასთან თანამშრომლობა უდიდეს როლს შეასრულებს. 

დღის ამბები