ვარკეთილის 3 ნომერში მდებარე 16-სართულიანი კორპუსის 90 ოჯახი სადარბაზოს გასხვისებას აპროტესტებს.
ადგილობირვების განცხადებით, ამხანაგობის სხდომის ოქმის გაყალბების შედეგად, კერძო პირზე გასხვისებულ საერთო სარგებლობის ფართობზე მშენებლობა მიმდინარეობს.
მობინადრეების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, იზღუდება სადარბაზოები, სადაც განთავსებულია ლიფტი, კორპუსის სათავსოები. მათი თქმით, საგანგებო ვითარებაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია სიტუაციის მართვა.
მობინადრეთა შორის არის რამდენიმე შშმ პირი, რომელთათვის შეუძლებელი იქნება კორპუსიდან გასვლა-შესვლა.
მობინადრეებს ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია, შეხვდა. იგი ადგილზე გაეცნო მდგომარეობას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ უკანონო გადაწყვეტილებით.
„ძნელად მოიძებნება ანალოგი მსგავსი პრობლემისა არამარტო თბილისში, მთელს ქვეყანაში. ვინმეს უნახავს ან გაუგონია, რომ სადარბაზოს 90 პროცენტი კერძო საკუთრებაში გადადიოდეს და 90 ოჯახი, კორპუსში მცხოვრები რჩებოდნენ სადარბაზოს გარეშე? ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს,“ - აცხადებს ნიკა მელია.