24 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
საქართველო არასოდეს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ხელყოფას - შეფასებები ახალ რუსულ მავთულხლართებზე

სამეგრელოსა და გალის რაიონებში შექმნილ ვითარებას და ახალ რუსულ მავთულხლართებს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, გამოეხმაურა.

იზორიას განცხადებით, საქართველო გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ბერკეტს რუსული აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ.

„ასეთი ქმედებები არ არის მიმართული ამ ტერიტორიების დეოკუპაციისკენ. არადა, ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ზოგადად ვისაუბროთ მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ძალისხმევის მაქსიმალური კონსოლიდაციით გავაგრძელებთ დეოკუპაციის და ამ ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკას უფრო მკაფიოდ და მკაცრად იმისთვის, რომ ამას შემდგომი გაგრძელება არ მოჰყვეს,“ - აცხადებს ლევან იზორია.

განმარტება ამ თემაზე პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემაც, გააკეთა. ფხალაძის თქმით, საქართველო თავისი ტერიტორიის მითვისების არც ერთ ფაქტს არ შეეგუება.

 „აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი „სტაბილურობა“ მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასოდეს არ შეეგუება საკუთარი ტერიტორიის არც ერთი მეტრის ხელყოფას,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა რუსმა ოკუპანტებმა დღეს დაასრულეს. 

დღის ამბები