20 ოქტომბერი 2017,   21:40
ვრცლად
არ გვინდა მისგან შევქმნათ გმირი - ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, მღებრიშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს

უკრაინული ვებ გვერდი აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს. ვებ გვერდის „სტრანა უა“-ს მტკიცებით, ცნობილმა რუსმა სატელეფონო ხულიგანმა, "ვოვანმა" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.

სატელეფონო საუბრისას მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ ისაუბრეს. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.

როგორც „სტრანა უა“ ამტკიცებს, საუბრის შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა დამატებითი დრო ითხოვა პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებისთვის. უკვე მეორე სატელეფონო ზარის დროს კი, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი სატელეფონო ხულიგანს ეუბნება, რომ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოს არ სურს.

“ჩვენ ვითათბირეთ, სჯობს ის იყოს თქვენთან, ვიდრე იჯდეს აქ ციხეში. ჩვენ არ გვინდა მისგან შევქმნათ გმირი. თუ ის აქ ჩამოვა, დაიწყება ვნებათაღელვა. თუ ის უკრაინაში გამოჩნდება, არ გადმოგვცეთ”.

ამავე ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებისა და მისი საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ მისი თბილისში ვიზიტის დროს ისაუბრეს.

სავარაუდოდ, შს მინისტრი ამბობს, რომ კვირიკაშვილმა პოროშენკოს უთხრა, რომ არ სურს სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა.

ამავე თემაზე
დღის ამბები