დღეს "ევროპულმა საქართველომ" რუსთავის მოსახლეობას მერობის კანდიდატი წარუდგინა. პარტიის ლიდერებმა მერობის კანდიდატად ნინო იმედაშვილი დაასახელეს.
„ძალიან მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები მოდიან ჩვენ პოლიტიკურ გუნდში და მოდიან პოლიტიკაში,“- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.
მერობის კანდიდატის წარდგენის გარდა, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ, პარტიის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.
„ევროპული საქართველო" არის ღია პლატფორმა, რომელიც ახალ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, თავისი ნიჭი, უნარი და პატრიოტიზმი დახარჯოს საკუთარი ქალაქის, დაბის თუ სოფლის საკეთილდღეოდ და ნინო იმედაშვილი არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. მიხარია, რომ "ევროპულ საქართველოს", ძალიან ბევრ ქალაქებში, ქალი მერობის კანდიდატი ყავს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
თავად ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა საკუთარი პროგრამის შესახებ და იმ გეგმების თაობაზე ისაუბრა, რომელსაც ის გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.