23 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
თუ ეს ნამდვილია, მართლა საბავშვო ბაღში ვართ - გიორგი ვაშაძე შს მინისტრის სავარაუდო აუდიო ჩანაწერზე

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს, რაც მოვისმინეთ ჩვენ, მართლაც იყო ყალბი ჩანაწერი,“ - ასე აფასებს პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე უკრაინული ვებ გვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერს.

აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას მისი ექსტრადირება არ სურს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შს მინისტრის პრეროგატივა უნდა გახდეს ამ საქმის გამოძიება.

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს, რაც მოვისმინეთ ჩვენ, მართლაც იყო ყალბი ჩანაწერი და იყო ყალბი, მაგრამ ყველა კითხვა რომ მოიხსნას, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის ღირსებაა, რომ ეს გამოიძიოს და მე იმედი მაქვს, რომ ამ ღირსების გამო, ამ საქმეს მაინც გამოიძიებენ და ასე ჰაერში არ გამოკიდებენ ამ სატელეფონო საუბარს. სხვა შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს ნამდვილია, მართლა საბავშვო ბაღში ვართ,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ გავრცელებული ჩანაწერი რეალურია.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს რეალობაა. იმიტომ, რომ ბევრად ადრე, სანამ ამ ჩანაწერს მოვისმენდი, პოლიტიკური ანალიზითაც მარტივად მისახვედრია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და უფრო მეტიც, მათ ეშინოდათ მისი უკრაინაში ყოფნისაც კი. უბრალოდ, ახლა ამ შემთხვევაში პოროშენკოს და „ქართული ოცნების“ ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ის არის ცუდი, რომ ასეთი სატელეფონო ხულიგნების დონეზე შინაგან საქმეთა მინისტრს რომ თუნდაც ცუდი, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაციის და ხელისუფლების ასეთ საიდუმლოს გაამჟღავნებინებენ, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა საკითხთან დაკავშირებით რა შეიძლება ხდებოდეს,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

დღის ამბები