19 აპრილი 2024,   22:48
ვრცლად
"ეს ყველაფერი ნაწილია იმ ძალიან დიდი, არაადამიანური პროცესისა, რომელსაც ეთნიკური წმენდა ჰქვია," - ლევან გერაძე

საოკუპაციო რეჟიმის აფხაზეთში მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს ქართველი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები აფასებენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დიდი ხნის წინ, დაიწყო და მისი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი არსებობდეს აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასა და საქართველოს კონტროლირებად მოსახლეობას შორის. დარგის სპეციალისტები პროცესებს "ეთნიკურად წმენდად" აფასებენ. 

„გალის რაიონი, პრაქტიკულად, სუფთად ქართული  რაიონი დასახლებული იყო საქართველოს მოქალაქეებით, ყველა ინარჩუნებდა ქართულ მოქალაქეობას. აფხაზურმა დე ფაქტო ხელისუფლებამ მოინდომა ამ სისტემის ძირფესვიანად შეცვლა. მეტიც, ზაფხულში იქ ჩატარდა კრება, სადაც გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აფხაზებად გადაწერილიყვნენ. ეს ყველაფერი ნაწილია იმ ძალიან დიდი, არაადამიანური პროცესისა, რომელსაც ეთნიკური წმენდა ჰქვია ამ ტერიტორიის და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე წარმატება მას არ ექნება,“ - განაცხადა "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს” დირექტორმა ლევან გერაძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე, საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიებზე საუბრობს.

„ძალიან არ მოსწონს რუსეთს, ის რომ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და ქართველები ხშირად დადიან საქართველოში, მათ შორის განათლების მისაღებად, სამკურნალოდ, საყიდლებზე და ეს ინტეგრაციის რაღაც მცდელობად ითვლება და ძალიან უკმაყოფილოები არიან. ამიტომ არის ულტიმატუმების სახით ლაპარაკი და 2018 წლიდან კიდევ უფრო გამკაცრდება ე.წ. საზღვრის, სინამდვილეში საოკუპაციო ხაზის კონტროლი, რომ საბოლოოდ მოწყვიტონ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა დანარჩენ საქართველოს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველ იანვრიდან ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლებს ყველანაირი დოკუმენტი უუქმდებათ და ვალდებულები ხდებიან ან აიღონ აფხაზური ე.წ. პასპორტები, ან აიღონ ბინადრობის ნებართვა, რომელიც მატ უფლებებს, მათ შორის ქონებრივსაც, მნიშნველოვნად ზღუდავს.

დღის ამბები