20 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
დაბინძურებული თბილისი - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კვლევები ჩაატარა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის მავნე მინარევების შემცველობა საქართველოს 20 ქალაქში შეამოწმეს და აზოტის დიოქსიდით ყველაზე უფრო დაბინძურებული ქალაქი სწორედ თბილისი აღმოჩნდა. თბილისში, მელიქიშვილის გამზირი, დაკვირვების შედეგად მიღებულმა შედეგმა აჩვენა, რომ ჰაერი ნახშირბადითაა დაბინძურებული.

ჰაერი დაბინძურებულია წერეთელზეც, დედაქალაქის ამ მონაკვეთზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხს მონიტორინგის სადგური გასული წლიდან სწავლობს. სპეციალისტების აზრით, დიდუბეში ჰაერის დაბინძურება გაფუჭებული ასფალტის საფარით, ქუჩაზე დაუსრულებელი მშენებლობებით, გაუმართავი ან ძველი სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობითაა გამოწვეული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევების მიხედვით დგინდება, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი ადგილი, სადაც ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაღალი მაჩვენებელია, 26 მაისის მოედანია. ეს მონაკვეთი, თბილისის კიდევ 20 მონაკვეთთან ერთად, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ინდიკატორული გაზომვებით შეისწავლეს.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სასუნთქი გზების დაავადებების მაპროვოცირებელია, დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით საშიშია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ორსულებისა და ჩვილებისთვის. ტოქსიკოლოგები მიიჩნევენ, რომ პრობლემის თავიდან აცილება რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ატმოსფერულ ჰაერში დედაქალაქში წელს, ტყვიის შემცველობა განახევრდა, ორი წლის წინ კი, ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობა იყო.

დღის ამბები