25 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
სკანდალური აუდიო ჩანაწერი სავარაუდოდ შს მინისტრის მონაწილეობით - რომან გოცირიძე დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს

„ეს არის ძალიან სკანდალური დოკუმენტი, მას აქვს, რა თქმა უნდა, სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა,“ - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე პრანკერებისა და სავარაუდოდ შს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარს.

პოლიტიკოსის განაცხადებით, ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილზე საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„ფაქტობრივად, მიდის ადამიანზე ნადირობა. არის სახელმწიფოთა შორის წარმოებული შეთქმულება, რათა მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნდეს არცერთი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში. მას აქვს მეორე, ძალიან მძიმე მხარე, ვიანიდან ეს საუბარი შეიცავს დანაშაულებრივ ნიშნებს. ფაქტობრივად, მასში არის ისეთი ინფორმაცია მოცემული, რომელიც ახლავე საჭიროებს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძის განცხადებით, პროკურატურის ვალდებულება ამ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას წარმოადგენს, რადგან „ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, როცა ერთი უწყება მეორე უწყების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ეწინააღმდეგება“.

მისი განცხადებით, აუდიო ჩანაწერში შს მინისტრის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია, რომ ისინი სააკაშვილის პოლონეთში გადაადგილებას თვალს ადევნებენ, ასევე დანაშაულის შემცველია.

„ეს არის ადამიანის ასევე, პერსონალური ინფორმაციის და მონაცემების გამჟღავნება, რომელიც ასევე დანაშაულია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციური პარტიის წევრი აცხადებს, რომ ქართული მხრიდან დანაშაულის შემცველია ასევე განცხადება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქართველოს მთავრობა მოქალაქეობას არ მისცემს.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია და აცხადებს, რომ ხელისუფლებას „მღელვარების“ შიშიც აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია და შსს თავად უნდა იყოს დაინტერესებული ნამდვილობის დადგენით.

დღის ამბები