19 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
გაფიცული თანამშრომლები არიან შეცდომაში შეყვანილი - დაჩი ცაგურია

„საქართველოს რკინიგზა“ გურჯაანის გაფიცულ თანამშრომლებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა შიმშილობენ, ტელეკამერების მეშვეობით პასუხობს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ აქციას პოლიტიკური ელფერი აქვს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლებს იყენებენ, რათა წინასაარჩევნო პროვოკაციები მოაწყონ.

„ეს ჯგუფი ადამიანების, წლებია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს მუდმივად მოაწყოს პროვოკაციები. იმის დროს, ცხადია, სიამის კატასავით ფეხებს უთმობდა სააკაშვილს და მის გუნდს. მაშინ არასდროს არ გახსენებია მშრომელთა უფლებები და დღეს გულადი გახდა. ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილი პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ,“ - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა იმ მიზეზით დაიწყეს, რომ მათი სამუშაო ადგილი მარნეულში გადაიტანეს და სამსახური მათ სამგზავრო ხარჯებს არ უნაზღაურებს.

აქცია რკინიგზის დეპარტამენტთან დღესაც გრძელდება. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ულტიმატუმის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. დეპარტამენტმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თუ რკინიგზის თანამშრომლები მათ პირობებს არ დათანხმდებიან, მათ შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდებათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა მათ მხოლოდ ტელეკამერების საშუალებით ელაპარაკება და პირადად ამ დრომდე არავინ შეხვედრია.

ამავე თემაზე
დღის ამბები