20 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
ენმ-ის ინიციატივა - 200 000-ს ქვემოთ სარეიტინგო ქულიანები თბილისის მერიისგან დამატებით 50 ლარს მიიღებენ

ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი სოციალურად დაუცველებს დახმარების გაზრდას ჰპირდება. ახალი ინიციატივა ზაალ უდუმაშვილმა დღეს საკრებულოში წარადგინა. 

ახალი ინიციატივის მიხედვით, სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ს არ აღემატება, დამატებით 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი ინიციატივის განხორციელებისთვის საჭიროა, დაახლოებით, 100 მილიონი, ამ თანხების გამოთავისუფლება კი  ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით არის შესაძლებელი.

„თბილისში ათი ათასობით ადამიანი ყოველდღიურად ელოდება სახელმწიფოს დახმარებას. დღეს არსებობს ძალიან მახინჯი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველთა მიმართ. ეს არის ის, რომ სოციალური აგენტები შეგნებულად უზრდიან ქულებს ჩვენს მოსახლეობას და მათ შესაბამისად აკდლებათ ან საერთო უუქმდებათ ის დახმარება, რომელსაც ისინი სახელმწიფოსგან ელოდებიან. ეს არ არის სოციალური აგენტების ბრალი, ეს არის იმ მეთოდოლოგიის ბრალი, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა ამ ხალხის მიმართ.

"მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში 7 ათასი თბილისელი დარჩა დახმარების გარეშე იმიტომ, რომ ელემენტარულად მაცივრის ან ფერადი ტელევიზორის გამო, მათ მოუხსნეს სოციალური დახმარება და ეს გრძელდება დღემდე და არ დასრულდება მანამ, ვიდრე ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში არ შეიცვლება ხელისუფლება. ოქტომბრიდან კი გარწმუნებთ ყველაფერი შეიცვლება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

უდუმაშვილთან შეხვედრას დღეს სოციალურად დაუცველები ესწრებოდნენ და მერობის კანდიდატის ინიციატივა პირადად მოისმინეს. შეხვედრა თბილისის საკრებულოში შედგა, სადაც თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სამწლიანი მუშაობის პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივის გაჟღერების შემდეგ კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატი იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომელიც სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს აწუხებს. მთავარი საკითხი ასევე შეწყვეტილი სოციალური დახმარებები და ჯანდაცვითი პრობლემები იყო.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სოციალური მუშაკები სოციალურ ქულებს, რომელიც დახმარების მიღება-არ მიღების საკითხს განსაზღვრავს, ხშირ შემთხვევაში, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გამო ზრდიან, შედეგად კი მოსახლეობა დახმარებას კარგავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები