20 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
ოპოზიციის აზრით, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაზე დიალოგის დროს გადაწყვეტილება ერთპარტიულად არ უნდა მიიღოს

მმართველ გუნდის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგის დაწყების შესახებ, ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა.

განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი ის პროცესები, რაც ქართული ოცნების მიერ ცვლილებების ერთპარტიულ რეჟიმში მიღებას წინ უძღოდა და როგორ შეცვალა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული პროექტი.

დიალოგის ხელახლა დასაწყებად კი ოპოზიცია ხელისუფლებას 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით ჩატარებას, ბარიერების, გადაუნაწილებელი მანდატებისა და ბლოკების საკითხის და პრეზიდენტის არჩევის წესის არჩევაზე განხილვებს სთავაზობს.

„ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს იმ საკონსტიტუციო განხილვის ჩარჩოებს, რომელსაც თვითონ სთავაზობდა მოსახლეობას და თავადვე გაუგზავნა ამ შინაარსის დოკუმენტი ვენეციის კომისიას, რის შემდეგაც, ზურგსუკან და მოტყუებით, ერთპარტიულად, მიიღო სრულიად განსხვავებული დოკუმენტი. ასე რომ, ამით ვუბრუნდებით იმ მოცემულობას, რომელსაც რეალურად, თავადაც თანხმდებოდნენ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ მათ პარტიას საკონსტიტუციო განხილვების არცერთ ფორმატში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს, თუმცა პრინციპული საკითხები დიალოგის დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

„2020 წლისთვის უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რომელიც უსამართლო უპირატესობას ანიჭებს სახელისუფლებო პარტიას, უნდა ვსაუბრობდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, სადაც გადაუნაწილებელი მანდატები უნდა ნაწილდებოდეს პროპორციულად, ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე. უნდა ვსაუბრობდეთ პრეზიდენტის არჩევის წესზე და მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობის გამო, გათვალისწინებულ იქნეს ევროპული საქართველოს შეთავაზება პლებისციტის ჩატარების შესახებ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები