არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში საზოგადოებაში არსებული ძირითადი მოთხოვნები უნდა გაიზიაროს და დაუბრუნდეს იმ მოცემულობას, რომლის ფარგლებშიც დოკუმენტზე მუშაობა თავიდან დაიწყო.
„თუ ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ კონსტიტუციაზე, რომელზეც მიმდინარეობდა მუშაობა 6 თვის განმავლობაში, უნდა დაუბრუნდეს ხელისუფლება იმ მოცემულობას, რა მოცემულობაშიც ხელისუფლებამ ამუშავა საკონსტიტუციო კომისია. ეს მოცემულობა იყო, რომ 2020 წელს ქვეყანა გადადის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, ამ მოცემულობის პირობებში იქნა შემუშავებული კონსტიტუციის კანონპროექტი და ინიცირებული პარლამენტში და ამ მოცემულობის კანონპროექტს ჩაუტარდა საყოველთაო-სახალხო განხილვა და ამ მოცემულობაზე გამოაგზავნა თავისი დასკვნა და პოზიციები ვენეციის კომისიამ,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის შეთავაზებისას 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე არ საუბრობს.
მისი თქმით, დიალოგს ისეთ თემებზე, რომლებიც საზოგადოების ინტერესებში არ შედის, აზრი არა აქვს.
„თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ამ საკითხზე არ საუბრობს და საუბრობს უბარიერო სისტემაზე, ბლოკების აღდგენა-გაუქმებაზე ან კიდევ ისეთ საკითხებზე, რომლებიც პოლიტიკური პარტიების ინტერესში იყოს მხოლოდ და არა ზოგადად, საზოგადოების და ქართველი ხალხის, ამ შემთხვევაში, ასეთ დიალოგს აზრი არ ექნება,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, კი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ბოლომდე ჩიხში შეიყვანა.
„ისინი კუთხეში არიან ახლა და ცდილობენ გარკვეული გამოსავლის მოძიებას და ჩვენ ჩვენი მხრივ, ის საკითხები განვსაზღვრეთ, რომელთა განხილვის შემთხვევაში აზრი აქვს შეხვედრას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.