25 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
გუსეინოვებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ - ისინი სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ

ფონიჭალის და აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ აბასგულ და ვავიდი გუსეინოვებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მათი პირადი ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მათ წინააღმდეგ ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

„დაკავების დროს გამომეკიდა სპეცრაზმი, წამაქციეს. იარაღის კონდახი ბეჭებში ჩამარტყეს, სახეშიც გამარტყეს. ძირს რომ ვეგდე, ჯიბიდან საფულე ამოიღეს, ფული დაითვალეს და უკან რომ მიბრუნებდნენ, უკანა ჯიბეში ნარკოტიკი ჩამიდეს,“ - აცხადებს აბასგულ გუსეინოვი.

ვავიდ გუსეინოვის თქმით, სამართალდამცავებმა ლურჯ პარკში გახვეული ნივთი ჩაუდეს და მისი მფლობელობის აღიარებას სთხოვდნენ.

ადვოკატი მევლუდ ჩოფლიანი ფონიჭალაში ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეალურ ნარკორეალიზატორებს არავინ ეხება.

პროკურორი აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას მოითხოვდა. პროკურორის თქმით, საქმეში მტკიცებულებების სახით არსებობს ვიდეო და აუდიოჩანაწერები, სადაც ასახულია, როგორ ყიდიან ნარკოტიკს დაკავებულები. 

გუსეინოვების წინასასამართლო სხდომა 9 ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები