20 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
ბაგების ტერიტორიაზე საღი ხეების მოჭრა - საპროტესტო აქციები ხვალ დილიდან განახლდება 

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდა პასუხს თბილისის მერიისგან, რატომ იჭრება ბაგების ტერიტორიაზე საღი ხეები. 

პარტიზან მებაღეებთან ერთად, მერობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან არჩევნებამდე ნარგავების მოჭრაზე ნებართვების გაცემის შეჩერებას ითხოვს.

მთელი დღის განმავლობაში მერიასთან რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. სამართალდამცველები შენობასთან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც პარტიზან მებაღეებსა და მერიის დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა.

„ჩვენ ამ ხეების ჭრას აუცილებლად გავაჩერებთ,“ - აღნიშნავს ფერაძე.

დღეს შენობაში მუშაობის საშუალებას ჟურნალისტებსაც არ აძლევდნენ. საპროტესტო აქციები ხვალ დილიდან განახლდება.

პარტიზანი მებაღეების ხმაურიანი პროტესტი ბაგების ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას მოჰყვა. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა 15 წიწვოვანი და ფოთლოვანი საღი ხის მოჭრის ნებართვა სამშენებლო კომპანიას მისცა.

სამუშაოებს მესხი გრუპი ახორციელებს, რომელმაც ტერიტორიაზე 9 ხე უკვე მოჭრა. როგორც ცნობილია, იქ, სადაც ხეები იჩეხება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს.

„ჩვენ უკვე ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ეს ხელისუფლება მარტო იმ ხეებს უფრთხილდება, რომელიც უნდა გადაირგოს ერთ ადამიანის კერძო საკუთრებაში, დანარჩენი მწვანე ნარგავები არ აინტერესებთ და წირავენ ნებისმიერი ბიზნეს ინტერესისთვის,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ბაგების ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს ქართული ოცნების დამოკიდებულებას, ზოგადად, მწვანე საფარისადმი.

„იმ ფონზე, როდესაც კალაძე ცდილობს, რომ მოგვაჩვენოს, თითქოს, ის ზრუნავს მწვანეზე და რაღაც ხედვა აქვს, ეს არის უბრალოდ წინასაარჩევნო ტყუილი დაპირება,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

 

 

დღის ამბები