23 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
ცვლილებები კონსტიტუციაში - მმართველი გუნდი დღეს ოპოზიციას ხვდება 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრა პარლამენტში 17:00 საათზეა ჩანიშნული. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდთან კონკრეტული წინადადებით მიდის.

მთავარი მოთხოვნა 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.

“ხისტი პოზიციაა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, ისევე როგორც შემდგომი არჩევნები, უნდა ჩატარდეს მთლიანად პროპორციული სისტემით. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის პრეზიდენტის არჩევა. ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ მათ, უნდათ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თუ ხმოსანთა მიერ არჩეული,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან თარხნიშვილმა.

საარჩევნო სისტემის რადიკალური ცვლილებაა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოთხოვნაც.

„ჩვენ იმ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ ამ პროცესის ჩიხიდან გამოყვანაზე თუ დაბრუნდება მოცემულობა, რომელმაც გაიარა ეს საფეხურები. ცვლილება 2020-ში რომ ქვეყანა გადავიდეს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, ეს არის აუცილებელი და ასევე პრეზიდენტის არჩევის უფლება, ხალხს არ უნდა ჩამოერთვას,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა რა საკითხებზეა შესაძლებელი მხარეებს შორის შეთანხმება.

„მთავარია, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, ერთმანეთში დაიწყონ დიალოგი და კიდევ ერთხელ ეცადონ გამოკვეთონ ის საკითხები, სადაც პრინციპული სხვაობაა. რაზე შეიძლება შევთანხმდეთ, რაზე შეიძლება არ შევთანხმდეთ, იქნება ძალიან ნათელი და ჩამოყალიბებული ამ შეხვედრის შემდეგ,“ - ამბობს გია ვოლსკი.

დღევანდელი კონსულტაციების ინიციატორი „ქართული ოცნებაა”. მოლაპარაკებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. შეხვედრა ვენეციის კომისიის შუამავლობით დაგეგმილ მოლაპარაკებამდე, საგანგებოდ იმართება.

დღის ამბები