ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარში დაუდგება.
"შეერთებული შტატები გმობს ტერაქტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ესპანელ ხალხს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიყოთ მკაცრები და ძლიერები," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. რექს ტილრესონი ტერორისტებს აფრთხილებს, რომ ისინი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს. ამასთან, მან განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის, ესპანეთს ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს.
ესპანეთში მომხდარ ტეროტისტულ აქტს ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტიც. ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპა არასდროს შეუშინდება ასეთ ბარბაროსობას. მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის, ესპანეთის ხელისუფლებას ნებისმიერი დახმარება გაუწიოს.
"ჩვენ არასდროს შევუშინდებით ასეთ ბარბაროსობას," - წერს იუნკერი.
ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.
ბარსელონას ტერაქტს გმობს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
"ჩვენ ერთად ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში," - წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.
ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა რომის პაპმა ფრანცისკემ.
"პაპი ლოცულობს მსხვერპლთათვის და თანადგომას უცხადებს ესპანელ ხალხს, განსაკუთრებით ტერაქტის დროს დაშავებულებს და გარდაცვლილთა ოჯახებს," - განაცხადა რომის პაპმა.