26 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის პოზიცია ერთიანი იქნება - ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეხვედრისთვის ემზადება 

მართველი გუნდი ოპოზიციას ხვდება. მოლაპარაკებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა”, განხილვის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები. შეხვედრა პარლამენტში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდთან კონკრეტული წინადადებით მიდის.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციის პოზიცია ერთიანია. პარტიის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ მმართველი გუნდი შეხვედრას შეხვედრისთვის არ აქცევს და ის კონკრეტული შედეგით დასრულდება.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.

„ვფიქრობ, ოპოზიციის პოზიცია იქნება საკმაოდ ერთიანი დღევანდელ შეხვედრაზე და მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გაიაზრებს, რომ კონსენსუსი არ არის თანხმობა „ქართული ოცნების“ შიგნით, არამედ ეს არის თანხმობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის და სწორედ ამ სულისკვეთებით თუ მიუდგება დღევანდელ შეხვედრას, შესაძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა. წვრილ-წვრილი შეთავაზებებით ხელისუფლება ვერ შეძლებს, რომ დაარღვიოს ოპოზიციის დიდ ნაწილს შორის ერთიანობა,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მანდატების სამართლიანად გადანაწილებას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას არ დათანხმდება, კონსენსუსი არ შედგება.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და გადასვლა დაუყოვნებლივ და სრულად 2020 წლისთვის, მანდატების სამართლიანად გადანაწილების სისტემა და აგრეთვე საკითხი, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნებს. ამ შემთხვევაში ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ რაკი არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მოდით დავეკითხოთ ხალხს, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩავატაროთ პლებისციტი,“ - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

რა საკითხზე აპირებს მმართველი გუნდი დათმობაზე წასვლას, უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, დეტალები შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

„მთავარია, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, ერთმანეთთან დაიწყონ დიალოგი და კიდევ ერთხელ ეცადონ გამოკვეთონ ის საკითხები, სადაც პრინციპული სხვაობაა. რაზე შეიძლება შევთანხმდეთ, რაზე შეიძლება არ შევთანხმდეთ, იქნება ძალიან ნათელი და ჩამოყალიბებული ამ შეხვედრის შემდეგ,“ - ამბობს გია ვოლსკი.

დღის ამბები