სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურაში დაკითხვაზე 5 დღის ვადაში მივა. ამის შესახებ მეარაყიშვილმა „კურიერს“ განუცხადა.
მისი თქმით, ის ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებას ადვოკატთან, რომელიც მისი უფლებების დასაცავად ვლადიკავკაზიდან უნდა ჩავიდეს. ქართველი აქტივისტი ე.წ. პროკურატურაშია დაბარებული.
„როგორც აღმოჩნდა, მე 5 დღიანი ვადა მაქვს და არა ის, რაც მე პროკურატურაში განმიცხადეს, კანონით მე 5 დღიანი ვადა მაქვს გამოვცხადდე ადვოკატთან ერთად და ადვოკატთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას. დღეს ადვოკატთან ერთად ვერ გამოვცხადდები, მივალ და ვეტყვი, რომ მაქვს 5 დღიანი ვადა ადვოკატთან ერთად გამოსაცხადებლად, სავარაუდოდ ხვალ,“ - აცხადებს მეარაყიშვილი.
„კურიერისთვის“ მიცემულ კომენტარში ქართველი აქტივისტი თვალთვალზეც საუბრობს. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მის სახლთან უცნობი მამაკაცი მთელი დღის განმავლობაში იმყოფება.
"მეც და ჩემმა ახლობლებმაც შენიშნეს ერთი და იგივე მანქანა იდგა ჩემი ფანჯრების წინ და საშუალო აღნაგობის მამაკაცი მთელი დღის განმავლობაში, რაც თვალში იყო მოსახვედრი და როცა გაიარეს და შეხედეს, ის შეეცადა სახის დამალვას,“ - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა “კურიერთან“ საუბრისას.
სამოქალაქო აქტივისტი ორი დღის წინ დააკავეს. მას შემდეგ კი, რაც საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო, გაათავისუფლეს, თუმცა, დროებით. სამოქალაქო აქტივისტსა და თავისუფალ ჟურნალისტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა ბრალს მმართველი ძალის მიმართ ცილისწამებაში სდებს.