20 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ კონსულტაციას ეხმაურება

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ პოლიტიკური პარტიებთან დაგეგმილ კონსულტაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მესამე სექტორი დაგეგმილ კონსულტაციას მიესალმება.

ისინი მმართველ გუნდს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ არ იმოქმედონ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

„დღეს, 18 აგვისტოს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით დაგეგმილია კონსულტაციები საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. დღევანდელი კონსულტაცია იძლევა ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას, რაც მისასალმებელია.

"მიგვაჩნია, რომ საკვანძო საკითხს კონსტიტუციის პროექტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა წარმოადგენს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ მხარდაჭერა მოიპოვა საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, შედგა სრული კონსენსუსი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში და დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა (მათ შორის ვენეციის კომისიის) და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მიერ.

"მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აზრთა სერიოზულ სხვადასხვაობას არაერთი საკითხი იწვევს, მათ შორის კვლავაც პრობლემურია დებულებები პრეზიდენტის არჩევის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების შესახებ, მივიჩნევთ, რომ პირველ რიგში აუცილებელია კონსენსუსი შედგეს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის გარშემო. შეთანხმების მიუღწევლობისა და არასამართლიანი საარჩევნო სისტემის შენარჩუნების პირობებში, მივიღებთ ერთი პარტიის მიერ მიღებულ კონსტიტუციას, რაც გააღვივებს პოლიტიკურ დაპირისპირებას, გაზრდის დაძაბულობას პოლიტიკურ პარტიებს შორის, დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, შეაფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას. 

"მოვუწოდებთ მხარეებს, არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესის პოზიტიურად დასრულებაზე აკისრია მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კონსენსუსის მისაღწევად,“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"აღნიშნულ განცხადებას ხელს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (SIDA), „ლიბერალური აკადემია თბილისი“.

ამავე თემაზე
დღის ამბები