20 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის თარიღი უცნობია

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დღეს შედგა. თუმცა, შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა.

ოპოზიციური პარტიები ორსაათიანი კონსულტაციების შემდეგაც საერთო პოზიციაზე დარჩა და პრიორიტეტულ საკითხებად პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან ამოქმედება და პრეზიდენტის არჩევის წესი დაასახელეს.

შეხვედრის მსვლელობისას ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა, ოპოზიციის ერთიან პოზიციაში განხეთქილება სხვა საკითხების წამოწევით შეეტანა. ყველა სხვა თემის განხილვაზე ოპოზიციამ მთავარი პირობის დაკმაყოფილებამდე უარი თქვა. მთავარ პირობაზე კი ოპოზიციამ ხელისუფლების პასუხი ვერ მიიღო.

ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივებს უკვე წერილობითის სახით ელოდება.

მაჟორიტარების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გვერდით ბრიფინგზე ადგილი მხოლოდ რამდენიმე წამით დაიკავა და თალაკვაძის განცხადების დასრულებას აღარ დაელოდა. სავარაუდოდ, სისტემის შენარჩუნებას უმრავლესობის მაჟორიტარები ახლა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მხარდაჭერის სანაცვლოდ მოითხოვენ.

კონსულტაციების მორიგი რაუნდის კონკრეტული თარიღი უცნობია. მოლაპარაკება იმ შემთხევაში გაგრძელდება, თუ მმართველი გუნდი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას - საარჩევნო სისტემის შეცვლას, დათანხმდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები