20 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ამ დროის მონაცემებით, ჯამში 38 ჯიხურია დამწვარი. ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირებას რამდენიმე საათი დასჭირდება.

განადგურებული ქონება და სავაჭრო ობიექტები კი დაზღვეული არ იყო. მოვაჭრეები პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ. დაზარალებულებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვეს და კურიერის ინფორმაციით, შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

„ისინი არიან უსაფრთხოებაზე, ჩვენ ვართ ვუხდით ხელფასს, ისინი თითქმის ჩვენი დაქირავებული არიან. 360 ლარი არის ყოველთვიური გადასახადი თითოეულ მაღაზიაზე. ადმინისტრაციამ უნდა აანაზღაუროს, როცა პასუხისმგებელი ხარ, რომ მახდევინებ დაცვის ფულს,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ბაზრობის ხელმძღვანელობის განცხადებით კი, ობიექტები თავად მეწარმეებს უნდა დაეზღვიათ. ბაზრის ხელმძღვანელობასა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ ამ საკითხს მოჰყვა. 

თბილისის ისნის რაიონის გამგებელი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ელოდება და აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ „ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს“.

ისანში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და მის ჩაქრობაში 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

დღის ამბები