22 ნოემბერი 2017,   09:32
ვრცლად
სისხლიანი თავდასხმა ბარსელონაში - დაშავებულები ესპანეთის მეფემ და დედოფალმა მოინახულეს

 

ტერაქტების სერიას ესპანეთში 14 ადამიანი ემსხვერპლა, საავადმყოფოში კი 60-მდე დაშავებული რჩება. დღეს ისინი ესპანეთის მეფემ და დედოფალმა მოინახულეს.

ესპანელი სამართალდამცველები ტერაქტის მთავარ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ 22 წლის იუნესაბუ-იაკუბმა ქვეყანა დატოვა. პოლიცია ეძებს ნაქირავებ ფურგონსაც, რომელმაც, სავარაუდოდ, საფრანგეთის საზღვარი გადაკვეთა. პარალელურად რეიდები გრძელდება ქალაქ რიპოლში, სადაც ეჭვმიტანილთა უმეტესობა ცხოვრობდა.

დღესვე სპეციალისტებმა რამდენიმე კონტროლირებადი აფეთქება მოაწყეს ქალაქ ალკანარში, სადაც 12-კაციანი ტერორისტული ქსელი თავდასხმებს ამზადებდა. მომხდარის მიუხედავად, ძალოვანმა უწყებებმა ესპანეთში ტერორისტული საფრთხის დონე არ გაზარდეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ამ ეტაპზე ახალი თავდასხმის რისკი არ არსებობს. განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერმინისტრმაც. 

"ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებისა და მათი ოჯახების დახმარებაა. როგორც იცით, ბევრი დაშავებული ესპანეთის მოქალაქე არაა. გამოძიების თვალსაზრისით კი უმთავრესი პრიორიტეტი ფაქტების დადგენა, დამნაშავეების, რაც შეიძლება, მალე დაკავება და მომავალში მსგავსი დრამატული მოვლენების აღკვეთაა. ეს არის არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ გლობალური ბრძოლა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლითაც ვამაყობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა მარიანო რახოიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები