24 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
ახალი სათვალთვალო კამერები საქართველოს რეგიონებში - კამერების ტენდერის გარეშე შესყიდვამ ოპოზიციას კითხვები გაუჩინა 

ახალი სათვალთვალო კამერები საქართველოს რეგიონებში - არჩევნების წინ ყველა ქალაქის მერიამ ვიდეოკონტროლის სისტემების დამონტაჟება ერთდროულად გადაწყვიტა.

ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე, კამერების შესყიდვის გადაწყვეტილება მთავრობამ 24 ივლისს მიიღო.

პრემიერმინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს გარე სათვალთვალო კამერების შეძენა დაევალა. თანაც ისე სწრაფად, რომ ტენდერის გამოცხადებისთვის დრო აღარ დარჩა. ეს და კიდევ რამდენიმე საკითხი ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს.

ის, რაც მთავრობამ გადაუდებელ და სასწრაფო აუცილებლობად შეაფასა, ჯერაც არ შეუსრულებია მუნიციპალიტეტების უმრავლესობას. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ახლა არკვევენ, სად უნდა დამონტაჟდეს 36 ათას ლარად შეძენილი 10 სათვალთვალო ვიდეოკამერა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ 20 კამერის შესაძენად 71 900 ლარი უნდა გადაიხადონ.

გამგებელი ამბობს, რომ დაჩქარებული წესით კამერების შეძენა ტურისტულ სეზონს უკავშირდება, თუმცა სეზონი თითქმის დასრულებულია, კამერები კი ჯერ დამონტაჟებულიც არ არის.

კითხვები ჩნდება იმ კომპანიასთან დაკავშირებითაც, ვისგანაც მუნიციპალიტეტებმა კამერები შეისყიდეს. აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად 62 მუნიციპალიტეტი ერსა და იმავე კომპანიას დაუკავშირდა და ხელშეკრულებებიც გააფორმა. ეს კომპანია დელტაკომია, რომლის ხელისუფლებასთან ახლო კავშირზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

საბოლოო ჯამში, მთავრობის განკარგულებით, რეგიონებმა 908 ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერა შეიძინეს. სახელმწიფოს ეს შენაძენი სულ 3 400 000 ლარი დაუჯდა.

დღის ამბები