"ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება დღეს ქობულეთში. საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები გასვლით სხდომაზე განიხილავენ.
საუბარია ცვლილებაზე, რომელიც ადვოკატის მიერ, კლიენტის თანხმობის გარეშე ინფორმაციის გაცემის აკრძალვას, ტესტირების ნაცვლად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შემოღებას, ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრასა და წარმოების წესს ეხება.
„ძირითადი კონსენსუსი რაც ჩემთვის ძალიან მისაღები იყო არის ის, რომ ადვოკატის სკოლა, რომელიც უნდა შეიქმნას, პროფესიაში შემომსვლელებისათვის იქნება სავალდებულო. როგორც ახალგაზრდა იურისტებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც მოსამართლეობიდან და პროკურატურის სისტემიდან აპირებენ ადვოკატის პროფესიაში შემოსვლას,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
სამ-დღიანი შეხვედრა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ის დღეს დასრულდება.
„დარწმუნებული ვართ, რომ ისეთი ფორმა მოიძებნება კანონში ცვლილებების, რომელიც იქნება მისაღები როგორც ადვოკატთა კორპუსისთვის, ისე პარლამენტისთვის,“-აცხადებს დავით მათიკაშვილი.