18 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
ვუგზავნით მკაფიო, დამარცვლულ მოთხოვნებს - ოპოზიციის საპასუხო წერილი მმართველ გუნდს 

ოპოზიციის საპასუხო წერილი მმართველ გუნდს. წერილი საპარლამენტო უმრავლესობას დღეს გაეგზავნება და მასში კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ მთავარი მოთხოვნა 2020 წლისთვის არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები  მოითხოვენ პროცესი დაუბრუნდეს პირველად ვარიანტს, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა.

„ჩვენ ვთხოვთ მათ ძალიან მკაფიო და მარტივ რაღაცას, დაბრუნდეს ყველაფერი იმ მოცემულობაში, როგორც ეს განიხილა ვენეციის კომისიამ, განიხილა საერთო სახალხო განხილვებზე მათივე მოყვანილმა ხალხმა. ეს ყველაფერი მათთვის ისედაც ცნობილია. კიდევ რომ არ დაგვწამონ არაკონსტრუქციულობა, რომ არ დაგვწამონ დესტრუქციულობა, რაც ხშირად გაუკეთებიათ იმიტომ, რო ეს ხელისუფლება შემჩნეულია ტყუილებში, მათ კიდევ ერთხელ გავუგზავნით ძალიან მკაფიო, დამარცვლულ აი-იასავით ნათელ და არაორაზროვან ჩამონათვალს ჩვენი მოთხოვნების,“-განაცხადა ნიკა რურუამ.

გზავნილში, რომელიც გუშინ ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაუგზავნა - არჩილ თალაკვაძე საერთო მოთხოვნებით გაერთიანებული პარტიებისგან წერილობით განმარტებებს კიდევ ერთხელ ითხოვდა. მიმოწერას სკეპტიკურად აფასებენ ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურს კონსენსუსის მიღწევა.

 „ახლა ბურთი მათ მოედანზეა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან მზად გადავიდეს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე თუ არა. სხვა შემთხვევაში ჩათვალეთ რომ ეს იქნება ერთპარტიული კონსტიტუცია,“-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ოპოზიციის მოთხოვნების წერილობით ჩამოყალიბებას ელოდება. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დავით მათიკაშვილის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გახდება მმართველი გუნდის საბოლოო პასუხი ცნობილი.

„ჯერჯერობით ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა, საბოლოო პასუხს მოგახსენებთ შემდგომში, როდესაც სრულად იქნება ყველა პარტიიდან შესაბამისი მოსაზრებები, ყველა პუნქტი, რომელიც ეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს,“-ამბობს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები