20 სექტემბერი 2017,   15:04
ვრცლად
"ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს" - წაღვერში შს მინისტრი ჩავიდა 

წაღვერში, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა. გიორგი მღებრიშვილი  შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

შს მინისტრის თქმით, ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე მაშველების მობილიზება საქართველოს ყველა რეგიონიდან მოხდა.

„საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ სამაშველო სამსახურებს და სახანძროს ჩვენი თანამშრომლები. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად საკმაოდ რთული მდებარეობისა რელიეფიდან გამომდინარე და ასევე ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი, რომელიც დღეს უკვე ჩადგა, აღარ არის და თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ხანძარმა წაღვერში 5 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ცეცხლი ამ დროისთვის პრაქტიკულად ლოკალიზებულია და ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის მცირე კერების ლიკვიდაცია. იმ ადგილებში, სადაც მეხანძრე მაშველები ფეხით მისვლას ვერ ახერხებენ, ცეცხლის კერების ჩაქრობას ვერტმფრენი ცდილობს.
ადგილზე იმყოფებიან მოხალისე ჯგუფები, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლის მცირე კერების ქრობაში ეხმარებიან.

დღის ამბები