„ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი მარდალეიშვილი ქუთაისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, მერიას 86 მანქანა ემსახურება, რაშიც 6 თვის მანძილზე 55 ტონა ბენზინი დაიხარჯა.
„მივწერეთ წერილი და გვაინტერესებდა რამდენი იყო გახარჯული საწვავი მერიის, თვით მერზე და მის მოადგილეებზე, პასუხად მივიღეთ, რომ შოთა მურღულიამ 6 თვის განმავლობაში 4400 ლიტრამდე დახარჯა საწვავი, ხოლო ივნისის თვეში ტონამდე საწვავი გამოიწერა, რაც არარეალურია ქუთაისის მასშტაბებისთვის,“-განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” წევრმა გიორგი მარდალეიშვილმა.
გიორგი მარდალეიშვილის მიერ მოყვანილ ციფრებს ეთანხმებიან ქუთაისის მერიაში და აქვე დანახარჯის მიზეზებსაც განმარტავენ.
„ის თანამშრომლები, რომლებიც ინსპექტირებაში არიან დადიან საკუთარი მანქანებით, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ საწვავი ესხმება და დანარჩენი სხვა შეკეთებითი მომსახურება არ ხორციელდება, გარდა იმ 30 მანქანისა რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. რაც შეეხება ქალაქის მერს, როგორც იმერეთის მასშტაბით ასევე დედაქალაქში მგზავრობისას მას ესაჭიროება საწვავი, შესაბამისად ის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას,“-აცხადებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.