17 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ხანძარი ისევ მძვინვარებს - ჯერჯერობით, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება

ბორჯომის ხეობაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს არის, თუმცა, ჯერჯერობით მოსახლება ევაკუაცია არ იგეგმება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამის საჭიროება არ არსებობს.

 ძლიერი ქარის გამო, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ფერდებზე ცეცხლის კერები გაძლიერდა და ის დიდი სისწრაფით ვრცელდება.

სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო აზერბაიჯანის ვერტმფრენი, თუმცა ქართულმა და მეზობელი ქვეყნის შვეულმფრენმა მუშაობა უკვე დაასრულა, რადგან  სიბნელეში ვერტმფრენები, ხილვადობის ფუნქციის არქონის გამო, ვერ მუშაობენ.

სოფელ დაბის ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო  სამაშველო და ასევე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და არ არის გამორიცხული, რომ უახლოს პერიოდში მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება იქნას მიღებული. 

ვერტმფრენები ბორჯომის ხეობაში ხვალ დილიდან გამოჩნდება. ერთ ჰექტარზე გაჩენილი ხანძარი ბოლო 24 საათში, თითქმის, 6 ჰექტრამდე ტერიტორიას მოედო. 200-მდე მეხანძრის ბრძოლა დღეს ცეცხლის ბოლომდე ჩასაქრობად უშედეგო აღმოჩნდა.

წაღვერის ტყეში ხანძარი ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს. ამ ტერიტორიის გასამწვანებლად 9 წლის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტებმა ათობით აქცია ჩაატარეს და ათასობით ნერგი დარგეს, თუმცა ახლაგდამწვანებული ტერიტორიაზე ბოლო 24 საათში 30 000 ხე განადგურდა.

ხანძარი წაღვერის ტყეში გუშინ, დღის 2 საათზე, გაჩნდა. იმის გამო, რომ არ არსებობდა გზა, მეხანძრეებმა მთაზე, ხანძრის კერასთან, ასვლა ვერ შეძლეს, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

შინაგან საქმეთა სამინსიტრო ხანძარს ბორჯომის ხეობაში ერთადერთი ვერტმფრენით ებროდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. დღეს დილიდან მეხანძრეებთან ერთად ცეცხლს წაღვერის ტყეში სამოქალაქო აქტივისტები ებრძოდნენ.

ხანძრის დღის პირველ ნახევარში ჩაქრობას პროგნოზირებდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი. თუმცა, მალევე ცეცხლი მთის ფერდობის მეორე მხარეს მოედო.

ყოველწიურად ხანძარი საქართველოში ასობით ჰექტარ ტყის მასივს ანადგურებს, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ თანამედროვე ტექნიკა არ შეიძინა.

დღის ამბები